Thursday, June 27, 2019

კლასგარეშე აქტივობების შედეგების კვლევა სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით



შესავალი
ვარ ნარუჯის საჯარო სკოლის ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი. მაქვს 30-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. 2011 წლიდან ვარ სერტიფიცირებული ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში. ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის მანძილზე დაინტერესებული ვარ როგორც სასკოლო, ისე კლასგარეშე აქტივობებით, ვარ საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის გამგე და სამოქალაქო განათლების კლუბ „ტოლერანტობის“ მეურვე. 
საკვლევი საკითხი და პრობლემის აქტუალობა

კლასგარეშე მუშაობა სასკოლო ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ არა აუცილებელი ყველა პედაგოგისთვის და მოსწავლისათვის. კლასგარეშე მუშაობას დიდი შესაძლებლობა გააჩნია იმისათვის, რომ მასწავლებელმა და მოსწავლემ გამოავლინოს თავისი თავი, მიიღოს წახალისება, უფრო მრავალფეროვანი გახადოს თავისი მუშაობა, რაც, თავისთავად, ზრდის მოტივაციას და დადებით ზეგავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე. ყველა ეს მოთხოვნა გათვალისწინებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში და სასწავლო სტანდარტში. 
    ამიტომაც გადავწყვიტე გამომეკვლია ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა, თუ რა გავლენას ახდენდა კლასგარეშე აქტივობები მთლიან სასწავლო პროცესზე. პრაქტიკის კვლევისათვის ავირჩიე მე-11 კლასი, რადგანაც ეს ბავშვები სამოქალაქო განათლების კლუბის აქტივისტები არიან და კარგად იციან კლასგარეშე აქტივობების დადებითი მხარეები. მე-11 კლასში სწავლობს 27 მოსწავლე. კლასის მესამედი გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით ყველა საგანში, კლასის მესამედი საშუალო მოსწრებისაა, ხოლო მესამედი - ძნელად აღწევს საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნებს. ამ კლასში კვლევის დაწყებამდე დაგეგმილი მქონდა საქართველოს ეროვნული არქივის პროექტში „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ ჩართვა. პროექტის მზადება მოიცავდა ხანგრძლივ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც პროექტის ჩართული მოსწავლეები ამუშავებდნენ მრავალფეროვან მასალას, რომლის შესწავლა დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. შესაძლებელი იყო, ეს მზადება უარყოფითად ასახულიყო მთლიან სასწავლო პროცესზე, გამოეწვია მშობლების უკმაყოფილება, თუ სხვა საგნებს ვერ მიაქცევდნენ სათანადო ყურადღებას. გადავწყვიტე, გამომეკვლია ეს პროცესი, დავკვირვებოდი ბავშვებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. პარალელურად ვაკვირდებოდი იმ ბავშვებსაც, რომლებიც კონკრეტულად ამ აქტივობაში არ იყვნენ ჩართული. ყველა ამ საკითხის შესწავლა  აქტუალურია სასწავლო პროცესისათვის, რადგან კლასგარეშე აქტივობები შეთანხმებულია განათლების სამინისტროსთან და მათი მიზანშეწონილობა დამტკიცებულია. 
კვლევის მიზანი და ამოცანები

კვლევის მიზანია კლასგარეშე აქტივობების ეფექტიანობის შესწავლა მე-11 კლასის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს შორის, თუ რა გავლენას ახდენს კლასგარეშე აქტივობებისთვის მოსწავლეების მზადება მთლიან სასწავლო პროცესზე. მართალია, მზადება ხდება არასაგაკვეთილო დროს, მაგრამ შეიძლება მოსწავლე გადაიტვირთოს და აღარ მიაქციოს სათანადო ყურადღება საგაკვეთილო მასალის მომზადებას, ან პირიქით, გაიზარდოს მოსწავლის მოტივაცია, გაუჩნდეს შინაგანი მოთხოვნილება მეტი ისწავლოს, კლასგარეშე აქტივობებზე შეძენილი უნარ-ჩვევების ტრანსფერი მოახდინოს სასწავლო პროცესში და ამით პირიქით დადებითი გავლენა მოახდინოს სასწავლო პროცესზე. გამოკითხვის პროცესი არის კონფიდენციალური და პერსონალური მონაცემები არ ექვემდებარება გამოქვეყნებას, თუმცა ბავშვები და მშობლები და მასწავლებლები ინფორმირებული არიან, რომ მიმდინარეობს კვლევა. 
კვლევის ამოცანა: შეისწავლოს სამიზნე ჯგუფში კლასგარეშე აქტივობების ეფექტიანობა და ასევე მშობლების და მასწავლებლების დამოკიდებულება.
ქვეკითხვები
  1. იწვევს თუ არა კლასგარეშე აქტივობები მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას? 
  2. ხელს ხომ არ უშლის კლასგარეშე აქტივობები მთლიან სასწავლო პროცესს?
  3. რა დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხისადმი სამიზნე ჯგუფის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს?
  4. უზიარებენ თუ არა პედაგოგები გამოცდილებას ერთმანეთს კლასგარეშე მუშაობის დროს წამოჭრილ პრობლემებთან დაკავშირებით?
  5. რა სახის კლასგარეშე აქტივობები მოსწონთ მოსწავლეებს?

ლიტერატურის მიმოხილვა

მოსწავლეების  სწავლისადმი დამოკიდებულებას მოტივაცია განსაზღვრავს. ეფექტური სწავლება მოსწავლეების მოტივაციის დონეზეა დამოკიდებული. მასლოუს იერარქიულ მოდელში შინაგანი სტიმულირება აღძრავს ორ ფიზიოლოგიურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს. დანარჩენ სამ დონეზე კი ადამიანის ქცევას შინაგანი სტიმულები უდევს საფუძვლად.
    მოტივაცია არის იმპულსი, სურვილი, შინაგანი პროცესი, რომელიც ადამიანს ქმედებისკენ უბიძგებს და ამ ქმედებას გარკვეული მიზნისაკენ მიმართავს. 
    შინაგანი მოტივაციის დროს „ადამიანის ქცევა განპირობებულია პიროვნული ფაქტორით, კონკრეტული ქცევის, მისი შედეგების მიმართ შინაგანი ინტერესით, ასე მაგალითად, შინაგანი მოტივაციის შემთხვევაში მოსწავლე წიგნს კითხულობს იმიტომ, რომ ეს ქცევა მისთვის თავისთავად ღირებულია, საინტერესო და სასიამოვნოა, შესაბამისად, მისი განხორციელება შინაგანი კმაყოფილების გრძნობასთან არის დაკავშირებულია“ (მ. გაბაშვილი „გამოცდების ეროვნული ცენტრი“ გვ. 86, 2001 წ.).
    კლასგარეშე აქტივობების განხორციელებისას მოსწავლეები უფრო მეტად გარეგან სტიმულებს, ჯილდოს აქცევენ ყურადღებას. „მოსწავლეთა წახალისება ჯილდოც ყოველთვის უარყოფით გავლენას არ ახდენს მოსწავლეთა შინაგან მოტივაციაზე. მაგალითად, მარქ მორგანმა სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა ჯილდოებთან დაკავშირებულ კვლევათა მიმოხილვას და აღნიშნა, რომ ჯილდომ შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს ან გაზარდოს მოტივაცია“ (რობერტ ჯ. მარზანო, დებრა ჯ. ფიქერინგი, ჯეინ ი. ფოლოქი „ეფექტური სწავლება სკოლაში“, თბილისი, 2009). 
    კლასგარეშე აქტივობები სწავლას აკავშირებს მოსწავლეთა რეალური ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრასთან. პერკინსი ხაზს უსვამს სიტუაციური სწავლების მნიშვნელობას მოსწავლის დაინტერესებისა და აზროვნების აქტივიზაციისათვის. ამ დროს მოსწავლე ითვისებს ისეთ ოპერაციებს, რომლებზეც ცალკე ვარჯიში მისთვის მოსაბეზრებელი და უინტერესო იქნებოდა, მაგალითად, მოსწავლეები სწავლობენ წერას გაზეთის გამოშვებით. კეთებით სწავლების დროს ,მასწავლებელი უზრუნველყოფს მოსწავლის ჩართვას პრაქტიკულ საქმიანობაში რათა მას გამოცდილებით სწავლის საშუალება მიეცეს. „ამგვარი სწავლება მხოლოდ სათანადო გამოხმაურების შემთხვევაში გვაძლევს მნიშვნელოვან ეფექტს. მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა შესთავაზოს აქტივობის სქემა ან მოდელი, სადაც მიღწევის დონეები ნათლად არის მოცემული და მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს თუ რას მოელიან მისგან და როგორ ფასდება მისი წარმატება, ანუ რა არის ეფექტური კეთება და მიზნის მიღწევა“  (როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება. გვ. 9, თბილისი, 2007).
    თუ მასწავლებლები ვერ იგებენ, როგორ და რა დროს სწავლობენ მოსწავლეები, მაშინ შეუძლებელია სწავლების გაუმჯობესება და კლასში მაღალი დონის მიღწევა. „რა განაპირობებს მოსწავლეების მოტივაციას სწავლისადმი, მოსწავლეები დაინტერესებულნი უნდა იყვნენ მასალით, საკითხით და სურდეთ მეტის გაგება. მასწავლებელს უნდა უყვარდეს საგანი და სიამოვნებას ანიჭებდეს სწავლება“ (გაზეთი „ჩემი სკოლა“, 2018 წლის N1).    

კვლევის მეთოდები

როგორც ცნობილია, კვლევის სხვადასხვა მეთოდი არსებობს და ამგვარად აუცილებელია საკვლევ საკითხს შეუსაბამო სათანადო მეთოდი. ჩემს კვლევაში სანდოობის გაზრდის მიზნით გამოვიყენე ჩაღრმავებული ინტერვიუ, ფოკუს ჯგუფი და კითხვარი. 
    ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩავატარე სკოლის დირექტორთან, რადგან ის ყველა ამ პროცესს ხელმძღვანელობს და აუცილებელი იყო, განმესაზღვრა მისი დამოკიდებულება საკვლევი საკითხის მიმართ. პედაგოგებთან პირდაპირი ინტერვიუს საფუძველზე შევავსე კითხვარი და მე-11 კლასის მასწავლებლებთან შევქმენი ფოკუს ჯგუფი, რათა მთელი დაკვირვების მანძილზე დამხმარებოდნენ საკითხის უკეთ შესწავლაში. კითხვარი შევავსე მშობლებთან, მაგრამ მივეცი ვადა და ისინი დამოუკიდებლად ავსებდნენ კითხვარს. კითხვარი დავურიგე მე-11 კლასის მოსწავლეებსაც, რათა გამერკვია, რა სიხშირით მონაწილეობდნენ კლასგარეშე აქტივობებში და რა დამოკიდებულება ჰქონდათ კლასგარეშე აქტივობების მიმართ. ჩავატარე ფოკუსირებული დაკვირვება, მოვისმინე 3-3 გაკვეთილი ყველა საგანში მე-11 კლასის მოსწავლეებთან, რათა გამერკვია, სამიზნე ჯგუფის მიღწევები და მოტივირების დონე. 
    მონაცემთა ანალიზი: მშობლების 60%-მა გამოთქვა აზრი, რომ კლასგარეშე აქტივობები დადებითად მოქმედებს მათი შვილების წარმატებებზე, მაგრამ დაკვირვების პერიოდის გავლის შემდეგ ეს რიცხვი 70%-მდე გაიზარდა. 
   
მოსწავლეების კითხვარებმა  აჩვენა თუ რა სახის აქტივობები მოსწონთ და ზოგიერთი მათგანი ორ ან სამ აქტივობაში მონაწილეობს. 

  
კლასგარეშე აქტივობაში მონაწილეობის გამოცდილება მოსწავლეთა უმეტესობამ დადებითად შეაფასა და დადებითად შეფასების შემთხვევაში 40% თვლის, რომ ამაღლდა სწავლისადმი მისი შინაგანი მოტივაცია, ხოლო 60% მიიჩნევს, რომ კონკურსებში მონაწილეობს ჯილდოს გამო, განსაკუთრებით მედიაპროექტ „ეტალონში.“
 
დირექტორთან ჩაღრმავებულმა ინტერვიუმ აჩვენა, რომ ის კლასგარეშე აქტივობებს დადებითად აფასებს და თვითონაც სამი წელია ხელმძღვანელობს ბიოლოგიის კლუბს ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად.  
პედაგოგების კითხვარმა აჩვენა, რომ ისინი დადებითად ეკიდებიან კლასგარეშე აქტივობებს, თუმცა ყველას არ აქვს ამის გამოცდილება და აქვთ სურვილი, გავუზიარო ჩემი გამოცდილება. 
გაკვეთილზე ფოკუსირებულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ კლასგარეშე აქტივობების ლიდერი მოსწავლეები გამოირჩევიან გარკვეული უნარ-ჩვევებით, შეუძლიათ მონაწილეობა საგაკვეთილო დისკუსიებში, პრობლემის გადაჭრაში, თუმცა ყოველთვის ყველა საგანში არ არიან წარმატებული. 

შესაძლო ინტერვენციების განხორციელება

  1. ტრენინგების ჩატარება იმ პედაგოგთათვის, ვისაც არ აქვს კლასგარეშე მუშაობის გამოცდილება;
  2. საგნობრივი სტანდარტების უკეთ შესწავლა;
  3. პედაგოგთა სამუშაო ჯგუფის შექმნა კლასგარეშე აქტივობების უკეთ შესწავლის მიზნით 
  4. განათლების სამინისტროსადმი თხოვნა, შესაძლებლობის ფარგლებში, საკლუბო და საწრეო მუშაობის დაფინანსების მიზნით;
  5. სკოლის კლასგარეშე აქტივობების პორტფოლიოს შექმნა;
  6. სასწავლო წლის დასაწყისში საწრეო და საკლუბო მუშაობის გეგმის მშობლებისათვის გაცნობა.

ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება

არსებული მდგომარეობის შესწავლის შემდეგ  გადავწყვიტე საკითხის შესასწავლად რამდენიმე სტრატეგიის განხორციელება, შევარჩიე პროექტი „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“. მართალია, 6 მოსწავლე მონაწილეობდა რესპუბლიკურ პროექტში, მაგრამ ადგილზე ჩავრთე ყველა მოსწავლე და დამფუძნებელი კრების იუბილე მოვამზადე. მზადების პროცესში ვაწარმოე დაკვირვება სამიზნე ჯგუფის მთლიან სწავლის პროცესზე, რა მასალები მოიპოვეს ინტერნეტით, რა წიგნი წაიკითხეს, როგორ წარმატებას მიაღწიეს სხვა საგნებში და ვაწარმოე დღიური. დღიურის წარმოება ევალებოდა თვითონ მოსწავლეებსაც, სადაც ჩაიწერდნენ ყველა იმ სიახლეს, რაც მათ შეიძინეს ამ აქტივობის მომზადებისას. პარალელურად, კომუნიკაცია მქონდა მშობლებთან, თუ როგორ იქცეოდნენ ბავშვები სახლში და თვითონ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ამ აქტივობის მიმართ, ხომ არ ეშლებოდათ ხელი სხვა გაკვეთილების მომზადებაში. პერიოდულად ვეკითხებოდი მოსწავლეებს როგორი იყო მათი მზაობა. ბავშვებმა შემომთავაზეს კვლევის პერიოდში პირველი აქტივობის დასრულების შემდეგ ჩაგვეტარებინა „წიგნის თარო“, რადგანაც გაუჩნდათ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვის სურვილი. წიგნის კითხვა მიმდინარეობდა ჩემი დაკვირვებით. 
ინტერვენციის შეფასება: ჩვენი შეფასების მიზანს წარმოადგენდა გაგვეგო:
  1. რამდენად ეფექტიანია კლასგარეშე აქტივობა;
  2. ეხმარება თუ არა მოსწავლეებს კლასგარეშე აქტივობები ეფექტიანი განათლების მიღებაში
ინტერვენციის შედეგები:   გამოვლინდა, რომ მე-11 კლასის მოსწავლეები და მშობლები აღიარებენ კლასგარეშე აქტივობებს და დადებითად არიან განწყობილი, დაფიქსირდა პროგრესი მათ სწავლაში, წარმატებისკენ მუდმივი სწრაფვა დადებითად აისახება საგაკვეთილო პროცესზე. 
    ინტერვენციების შეფასება: 
  1. იძლევა თუ არა განხორციელებული კვლევა საკითხის შესწავლის საშუალებას;
  2. დაეხმარება თუ არა განხორციელებული ინტერვენციები კვლევის პრობლემის გადაწყვეტას;
  3. გასცემს თუ არა პასუხს ყველა იმ კითხვას, რაც კვლევის პროცესში წარმოიშვა.  


კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები

სასურველია კლასგარეშე აქტივობების ჩატარება, რადგან დადასტურდა მისი ეფექტურობა. 
კლასგარეშე აქტივობები დადებითად მოქმედებს მოსწავლეთა მოტივაციაზე.
მოსწავლეებში ყალიბდება ლიდერების უნარ-ჩვევები.
მიუხედავად ამისა,  მაინც ძლიერია ჯილდოს ფაქტორი. 
რეკომენდაციები:  კლასგარეშე აქტივობები შესაძლებელია თვითონაც ჩავატაროთ, მაგრამ სასურველია, ჩავერთოთ განათლების სამინისტროს მიერ მოწონებულ კლასგარეშე აქტივობებში, რადგან მათ უკეთ იციან მოსწავლეთა საჭიროებები. მიღებული კვლევის შედეგები საჭიროა გასაჯაროვდეს, რათა მოხდეს მისი შეფასება.

დასკვნა

სკოლაში ჩატარებული  პრაქტიკული კვლევის საფუძველზე დავასკვენით, რომ კლასგარეშე აქტივობები არ არის დროის ფუჭად კარგვა და ხელს უწყობს მოსწავლეთა გააქტიურებას, მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას და მოქალაქედ ჩამოყალიბებას. 
    დასაწყისში პრობლემა იყო მშობელთა არასაკმარისი ინფორმირება და სკოლის ზოგიერთი პედაგოგის უარყოფითი დამოკიდებულება კლასგარეშე აქტივობების მიმართ, მაგრამ ჩატარებულმა მუშაობამ გაზარდა მათი ინფორმირებულობის დონე და უარყოფითი დამოკიდებულება გაუქრათ. 
    მოსწავლეთა ანკეტირება მოწმობს, რომ მე-11 კლასის მოსწავლეებს მოსწონთ კლასგარეშე აქტივობები, რადგან კლასგარეშე მუშაობა მრავალფეროვანია და იწვევს მოსწავლეთა დაინტერესებას. აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რომ სანამ დავგეგმავდეთ კლასგარეშე აქტივობებს, გამოვიკვლიოთ მათი საჭიროება და შევათანხმოთ დირექციასთან და, სასურველია, მშობლებთანაც.  

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა
  2. მ. გაბაშვილი „გამოცდების ეროვნული ცენტრი“
  3. რობერტ ჯ. მარზანო, დებრა ჯ. ფიქერინგი, ჯეინ ი. ფოლოქი „ეფექტური სწავლება სკოლაში“, თბილისი 2009 
  4. როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება, თბილისი 2007
  5. დ. ლიპარტელიანი “სამოქმედო კვლევის სახელმძღვანელო”, 2018


11.jpg

Sunday, December 9, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება:  რა  არის  ისტორია?



პროექტის  მთავარი  იდეა: “შეხვედრა ისტორიასთან“, პასუხის  გაცემა  კითხვაზე, რისთვის  არის  საჭირო  ისტორიის  ცოდნა.

აქტუალობა: ისტორიული  კვლევის, ისტორიისადმი  სიყვარულის  გაღვივება.  

პროექტის მიზნები: 
1) მოგზაურობა   ისტორიოგრაფიაში; 
2) მონაცემთა ფართო  ბაზის  შექმნა  და გამოფენა  ელექტრონული  პრეზენტაციის, ალბომის   სახით.

მონაწილეთა ასაკი:15/16  წელი

ვადები: 5 დღე.

მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება ისტორიის საგნის   მიმართ, კვლევის, სწორი ინტერპრეტირების  განვითარება.

რესურსები: სახელმძღვანელო,  კომპიუტერი, სასკოლო ბიბლიოთეკა, ფურცლები  ფანქრები.

პროექტის  მსვლელობა:

აქტივობა 1) თემის შერჩევა, კითხვების  ჩამოყალიბება.

აქტივობა 2) საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება.

აქტივობა 3) სამუშაო გეგმის  შედგენა.

აქტივობა 4) ლიდერის არჩევა.

აქტივობა 5) პროექტის ელექტრონული  პრეზენტაცია, ალბომის შექმნა.

აქტივობა 6) პროექტის შეფასება.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ისტორია

ისტ.X.3.  მოსწავლეს შეუძლია  მსჯელობა სხვადასხვა ეპოქაში ისტორიული აზრის განვითარების პროცესზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იცნობს ისტორიული აზრის განვითარების ძირითად ეტაპებს;
·         განასხვავებს ისტორიული მწერლობის განვითარების ძირითად (ანტიკური, შუა საუკუნეების, რენესანსის. . . . )  ეტაპებს;

ისტ.X.7. მოსწავლეს  შეუძლია  ისტორიულ კვლევ დაგეგმა და ატარებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით ირჩევს საკვლევად მისთვის საინტერესო ისტორიულ საკითხს (მოსწავლის არჩევანი შეიძლება განაპირობოს ისტორიული ნაშრომის, ისტორიულ თემატიკაზე შექმნილი მხატვრული ლიტერატურის,  კინოფილმების, არქიტექტურული ძეგლების, სამუზეუმო ექსპოზიციების გაცნობამ ან რომელიმე თანამედროვე პოლიტიკური მოვლენით დაინტერესებამ);
  • მომავალი გამოკვლევის თემის დაკონკრეტების მიზნით არჩეულ ისტორიულ საკითხზე ეცნობა ერთ ან ორ ზოგადი ხასიათის სტატიას (მაგ.: სტატია ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში);
  • განსაზღვრავს, თუ რა ტიპის კვლევის ჩატარებას აპირებს - დაეყრდნობა მისი გამოკვლევა მხოლოდ მეორად წყაროებს, თუ მას დასჭირდება როგორც პირველადი, ასევე მეორადი წყაროების გამოყენება;
  • ადგენს "სამუშაო" ბიბლიოგრაფიას (მაგ.: ა) ენციკლოპედიის სტატიის ბოლოს მითითებული წიგნების მიხედვით; ბ) მასწავლებლის მიერ დასახელებული წიგნის სქოლიოებში ან გამოყენებულ ლიტერატურის სიაში მოიძიებს და შეარჩევს ორ ან სამ გამოკვლევას);
  • მოსწავლე ბიბლიოთეკაში კატალოგის საშუალებით მოიძიებს საჭირო ლიტერატურას და  განსაზღვრავს, გამოადგება თუ არა ესა თუ ის წიგნი ან სტატია მომავალი კვლევისათვის (მაგ.,  წიგნის შესავლის, წინასიტყვაობის, სარჩევის თავებისა და ქვეთავების   გაცნობის საშუალებით);
  • კვლევის ინტერესებიდან გამომდინარე, მასწავლებლის დახმარებით მოიძიებს, ეცნობა და აფასებს პირველად წყაროებს;
  • საჭიროების შემთხვევაში მოიძიებს და იყენებს ინფორმაციას ვიზუალური,  აუდიო/ვიდეო/კინო მასალისა და ინტერნეტ-რესურსის, ასევე ლიტერატურული წყაროების საშუალებით (ფოტოები, ნახატები, ფრესკები, არქიტექტურული ნაგებობები, რომანები, პოეტური და დრამატურგიული ნაწარმოებები, ფოლკლორული, პოპულარული თუ კლასიკური მუსიკა);
  • კვლევის პროცესში იყენებს სხვადასხვა ტიპის დიაგრამებს ისტორიული წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის განმარტებისა თუ ილუსტრაციის მიზნით;
  • კვლევის შედეგებს რეგულარულად აცნობს მასწავლებელს და ითვალისწინებს მის შენიშვნებს.

პროექტის ხელმძღვანელი: თინა ასათიანი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: asatianitina9@gmail.com